
ვიდეოფილმების გამოყენება გაკვეთილზე არ ნიშნავს მხოლოდ ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროს გამოყენებას. ადამიანების უმეტესი ნაწილი იმახსოვრებს მოსმენილის 15%-სა და ნანახის 25 %-ს, ორივეს კომბინაცია კი დამახსოვრების კოეფიციენტს 65%-მდე ზრდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიდეორესურსი სწავლა-სწავლების პროცესში კარგ შედეგს იძლევა. ვიდეოფილმებისა და მულტფილმების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა გონებრივი განვითარების სხვადასხვა ასპექტების, პირველ რიგში, ყურადღებისა და დამახსოვრების უნარის განვითარებას. ასეთი ჩვენებების დროს აუდიტორიაში ერთობლივი შემეცნებითი ატმოსფერო იქმნება, ყველაზე უყურადღებო მოსწავლეც ყურადღებიანი ხდება. ფილმის/კლიპის/ვიდეოს შინაარსის გასაგებად მოსწავლეს სჭირდება გარკვეული ძალისხმევა. ასე გადადის იძულებითი ყურადღება მიზანმიმართულში, ინტენსიური ყურადღება კი დამახსოვრების პროცესს უწყობს ხელს.
ენის ლექსიკის გამდიდრების, გამოთქმის გაუმჯობესების, მოსმენის უნარის განვითარებისა და კულტუროლოგიური რეალიების ათვისების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება რუსული ენის გაკვეთილზე მულტფილმებისა და ვიდეოკლიპების გამოყენებაა.
ენის შესწავლის საწყის ეტაპზე ასეთი საშუალებების გამოყენებისას ჩვენი ძირითადი მიზანია საკომუნიკაციო კომპეტენციების განვითარება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მულტფილმების შერჩევა დონის შესაბამისად აუდირებისა და ლაპარაკის გაკვეთილებზე. საწყის დონეზე უნდა შეირჩეს ისეთი მულტფილმები, სადაც მინიმალური ლექსიკაა გამოყენებული.
გთავაზობთ სავარაუდო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ ვიდეომასალის გამოყენებით გაკვეთილის სწორად და მიზანმიმართულად წარმართვაში.
1.მომზადება
ეს ეტაპი გულისხმობს ლექსიკური მარაგის გამეორებას. აქ შესაძლებელია (ლექსიკიდან გამომდინარე) მოსწავლეებმა ივარაუდონ, რა თემას შეეხებიან. შემდგომი ეტაპია უკვე ახალი ლექსიკის შემოტანა. არ არის აუცილებელი, მოსწავლემ მულტფილმში ყველა სიტყვის მნიშვნელობა იცოდეს. აქ მთავარია ის ლექსიკა, რომელიც დაეხმარება მას კონტექსტის მიხედვით შინაარსის გარკვევაში.
2.მულტფილმის ჩვენება
ეს პროცესი კარგად გააზრებული უნდა იყოს. ერთბაშად თავიდან ბოლომდე ჩვენება არ არის შედეგის მომცემი. სასურველია, ფილმი ნაწილებად დაყოთ და თითოეულის ჩვენების წინ და შემდგომ გამზადებული გქონდეთ შესაბამისი დავალებები, რომელთა მიხედვითაც მოსწავლეები ჯერ ვარაუდს გამოთქვამენ, შემდეგ შინაარსზე იმუშავებენ და ბოლოს გაარკვევენ, ვისი ვარაუდი გამართლდა.
3.ჩვენების შემდგომი ეტაპი
შესაძლებელია ნაწყვეტების თავიდან ჩვენება, კონსტრუქციების გამეორება, გამოტოვებული ადგილების შევსება, ცხრილებზე მუშაობა, ნაწყვეტების გაჟღერება; სიმულაცია, როლური თამაშები და სხვა ყველა აქტივობა, რომლებიც კომუნიკაციის სეგმენტს გააძლიერებს.
მსჯელობა: ეს საწყის ეტაპზე ცოტა რთულია, რადგან მოსწავლეებს არ აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი. მასწავლებლები ხშირად სვამენ რთულ კითხვებს, რითაც, თითქოს, მსჯელობას აჩვევენ მოსწავლეებს. ასეთ შემთხვევაში კითხვების კონსტრუქციები კარგად ნაცნობი უნდა იყოს მოსწავლისთვის. რთულმა შეკითხვებმა არ უნდა შეაშინონ ბავშვები. პირიქით, მოსწავლეებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი, ილაპარაკონ, იმღერონ.
რუსული ენის გაკვეთილზე სიმღერებისა და მულტფილმების გამოყენებას ექსტრალინგვისტური და ლინგვისტური საფუძველი აქვს.
ექსტრალინგვისტური შემდეგი ფაქტორებითაა განპირობებული:
1.სიმღერები და ფილმები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ამიტომ მათი ჩართვა სასწავლო პროცესში სრულიად ბუნებრივია.
2.სიმღერები და ფილმები/მულტფილმები ფართოდაა გავრცელებული. თანამედროვე ტექნოლოგიები მათი მოპოვებისა და ინტენსიური გამოყენების საშუალებას იძლევა.
3.სიმღერა ზოგჯერ ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სიყვარული, მეგობრობა, ემოცია. მოსწავლეები ხშირად უკავშირებენ სიმღერებისა და ფილმების შინაარსს პირად გრძნობებსა და ემოციებს. ეს ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას ენის სწავლების პროცესში.
4.ასეთი ტიპის რესურსის გაკვეთილზე გამოყენება საშუალებას გვაძლევს, თავი ავარიდოთ მხოლოდ რუტინული დავალებების შესრულებას, რაც ზოგჯერ მასწავლებლისთვისაც მოსაბეზრებელი ხდება, გადამეტება კი მიზნიდან აცდენას იწვევს.
5.სიმღერები და ფილმები ზოგჯერ განტვირთვის საშუალებას იძლევა და დინამიკას მატებს გაკვეთილს.
ლინგვისტური ფაქტორები:
1.სიმღერები და მულტფილმები ავთენტური მასალაა. აქ ხდება ენის რეალურად ფუნქციონირების დემონსტრირება, რაც იძლევა ენის კონკრეტულ ასპექტებზე (გრამატიკაზე, ლექსიკაზე და სხვა) მუშაობის შესაძლებლობას.
2.მსმენელი აღიქვამს ენის ფონეტიკურ თავისებურებებს, ინტონაციას, რუსული მეტყველების ტონს.
3.სიმღერა წარმოადგენს პოეტური მეტყველების ნიმუშს, მისი საშუალებით მოსწავლე ეუფლება ლექსიკას და არკვევს ლექსში მის ფუნქციას.
4.სიმღერებსა და ვიდეოფილმებზე მუშაობისას პარალელურად შესაძლებელია სხვადასხვა დავალებების შესრულება, მაგ. საჭირო ინფორმაციის ამოკრეფა.
5.სიმღერების დამახსოვრება უფრო ადვილია, ვიდრე ტექსტების. მოსწავლეებს ამახსოვრდებათ ახალი ფრაზები და ტექსტური ნაწყვეტებიც. სიმღერა ხომ მისამღერებისა და სტროფების გამეორების საშუალებით ბუნებრივად გამეორების საშუალებას იძლევა. სიმღერის მოსმენა და პარალელურად გამეორება ძალიან კარგ შედეგს იძლევა ლექსიკური მარაგის გამდიდრების კუთხით.
აუდიო და ვიდეო მასალის შერჩევისას რამდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი. კერძოდ:
·მოსწავლეების დონე;
·ლექსიკური მარაგი;
·ინტერესები;
·ჩანაწერების ხარისხი;
·თუ სიმღერას ან ფილმს ტექსტი მოჰყვება, გადაამოწმეთ, რადგანაც ხშირად გვხვდება ტექსტის სხვადასხვა ვარიანტები ან გაპარული ორთოგრაფიული შეცდომები;
·მასალის დიდაქტიკური მიზანშეწონილობა.
მულტფილმებისა და ვიდეოკლიპების შემთხვევაში სასურველია, გამოიყენოთ თითოეული კადრი, ილუსტრაცია. სიმღერები სიუჟეტით ბევრად საინტერესოა მოსწავლეებისთვის, მისი ვიზუალური ნახვა შინაარსის გარკვევაშიც ეხმარება მათ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კლიპის შინაარსი არ არის კავშირში ტექსტის შინაარსთან.
სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ კონკრეტულ გაკვეთილს, მულტფილმს, შესაბამისი დავალებებით.
გამოყენებული ლიტერატურა:
Сафонова В.В. Современный русский аудио и видеотекст в контексте межкультурного языкового образования.
Гудимова Н. Н. Использование мультфильмов, видеоклипов на уроках РКИ
| სიმღერა, როგორც სასწავლო რესურსი რუსული ენის გაკვეთილზე - მეორე ნაწილი |
| ავტორი: ნინო ფეტვიაშვილი |
|

სიმღერის და ვიდეოკლიპების ავთენტურობა და საგანმანათლებლო პოტენციალი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ფონეტიკური და ლექსიკური მასალის დამუშავებისთვის, მოსმენისა და ლაპარაკის უნარების განვითარებისთვის – ამ სტატიის პირველი ნაწილის ძირითად თემას წარმოადგენდა. შესაბამისად, გავარჩიეთ სავარჯიშოები სიმღერის გამოყენებისთვის ყველა ეტაპის აღწერით. ვაგრძელებ ამ თემას და იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციას მასწავლებლები პრაქტიკულად გამოიყენებენ.
რუსული ენის სწავლების საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდანვე სწორად იყოს დასმული ინტონაცია. სწავლების საწყის ეტაპზე სიმღერა გვეხმარება უფრო ინტენსიურად და ხარისხიანად იქნას ათვისებული ხმოვნების რედუქციის, ყრუ და ჟღერადი, მაგარი და რბილი თანხმოვნების, არტიკულაციურად რთული შეთანხმებების გამოთქმის თავისებურებები. პირველ რიგში, სიმღერის გამოყენებისას, ჩვენ ვუადვილებთ მოსწავლეებს ისეთი ამოცანის შესრულებას, როგორიცაა სწორი არტიკულაცია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრების გამოთქმას უცხოურ ენაზე არა ცალკეული სიტყვების, არამედ სიტყვათა შეთანხმებებისა და ფრაზების საშუალებით. ისინი სწავლობენ გაბმული ლაპარაკის გაგება-გააზრებას, ითვისებენ სამეტყველო სეგმენტებს, მახვილებს, ძლიერი და სუსტი მარცვლების მონაცვლეობას და სხვ.
სასიმღერო და მუსიკალური რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ არა მხოლოდ ენობრივ ასპექტებზე, არამედ სამეტყველო უნარებზე მუშაობისას. ასეთ შემთხვევაში სამეტყველო კლიშეებს მოსწავლე იმახსოვრებს მთლიანობაში, ფრაზების და სიტყვათა შეთანხმებების გრამატიკული ან სტრუქტურული ანალიზის გარეშე. აქ ავთენტური მასალის გამოყენება მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რადგანაც სიმღერებს მეტი უპირატესობა აქვს პროზაულ მასალასთან შედარებით. სასიმღერო მასალა კულტუროლოგიური კომპეტენციების ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რუსული სიმღერა არის კულტურული ცოდნის ძირითადი წყარო, სადაც ასახულია რუსული ენობრივი ცნობიერების, მორალური ღირებულებების და სხვადასხვა ეპოქებისა და საზოგადოებრივი ფენების ძირითადი ცნებები.
მულტფილმებსა და მხატვრული ფილმებიდან გამოყენებული სიმღერები უძვირფასესი სასწავლო რესურსია, თუმცა მეთოდური კუთხით ნაკლებადაა ათვისებული რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლებაში. საბავშვო სიმღერები რუსული კულტურის შესასწავლი ცოცხალი წყაროა, სადაც მხატვრული ფორმით ასახულია ძირითადი კულტურული ღირებულებები, ცნობიერების სტერეოტიპები. ამიტომაც ლექსიკური და ფრაზეოლოგიური მარაგის გასამდიდრებლად ზუსტად ამ სიმღერების გამოყენებაა მიზანშეწონილი.
მეთოდისტები გამოყოფენ საბავშვო სიმღერების ტექსტების შემდეგ დადებით მხარეებს:
·ის მარტივი და გასაგებია მხატვრული სახის აღსაქმელად;
·გამოყენებულია რუსული სალიტერატურო ენა სწორად დასმული მახვილებით და მკაფიო რითმებით;
·მკაფიო რითმი სწრაფად დამახსოვრებას უწყობს ხელს;
·სტროფს ცვლის მისამღერი – ეს ფორმატიც უწყობს ხელს ლექსიკური ერთეულების, ფრაზების და კონსტრუქციების სწრაფ დამახსოვრებას.
მეთოდისტებმა შეისწავლეს და გამოიკვლიეს რამდენიმე პოპულარული სიმღერის ტექსტი. ესენია: «Чунга-чанга» (В. Шаинский - Ю. Энтин), «Улыбка»(В. Шаинский - М. Пляцковский), «Песенка крокодила Гены»(В.Шаинский -А.Тимофеевский), «Дважды два четыре» ( В. Шаинский- М. Пляцковский),«Настоящий друг» (Савельев Б - Пляцковский М.), «Песенка о лете»(Е. Крылатов - Ю. Энтин), «Песня барона Мюнхгаузена» (Калош Ш.- Сеф Р.), «Песня о мечте» (М.Дунаевский- Ю.Энтин), «Антошка» (В. Шаинский - Ю. Энтин), «Песенка мамонтенка» (В. Шаинский - Д. Непомнящая), «Если добрый ты» (Б. Савельев - М. Пляцковский), «Лев и брадобрей»(Н. Олев -М. Дунаевский), «Спи, моя радость, усни…»(Моцарт В. - Свириденко С), «Вместе весело шагать» (М. Танич - В. Шаинский), «33 коровы» (М.Дунаевский- Н. Олев)
ამ კონკრეტული სიმღერების გამოყენებისას რესურსის სახით გამოიკვეთა ენის შემდეგი ასპექტები, კერძოდ:
1.ფონეტიკა – სიმღერებში « Чунга- чанга», «Песня крокодила Гены» კარგად არის წარმოდგენილი მახვილები: синий, свод, лето, год, весело, живем, песенку, поем.
სიმღერაში «Чунга-Чанга»-ს რითმი ენერგიულია, სახეზეა გრძელი და მოკლე ხმოვნების მონაცვლეობა. ზოგიერთი სიმღერის მასალაზე შესაძლებელია რთულ ბგერებზე, ფონეტიკურ მოვლენებზე და ბგერათა შეთანხმებაზე მუშაობა.
2.ლექსიკა და ფრაზეოლოგია. თითოეული სიმღერა ახალი ლექსიკის წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, თუ გაკვეთილის მთავარი მიზანია კონკრეტული თემის ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, სიმღერის ძირითადი თემატიკა ამ თემას უნდა შეესაბამებოდეს. სიმღერა «Настоящий друг» შესაძლებელია გამოვიყენოთ მეგობრობის თემატიკის გავლისას. სიმღერაში გამოყენებულია ლექსიკა: дружба крепкая; друг в беде не бросит; верный друг; не разлей водой. ამავე თემაში შესაძლებელია ცნობილი სიმღერის «Улыбка» გამოყენება. თუმცა სტილისტური სირთულეებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მისი გაკვეთილზე გამოყენება უფრო მაღალ დონეზე. ან სასურველია, მოსწავლე წინასწარ (ლექსიკურად) მომზადებული იყოს.
3.სტილისტიკა, კულტუროლოგია. სიმღერა «Песня о мечте» მასწავლებელმა შესაძლებელია მოასმენინოს მოსწავლეებს კომენტარების თანხლებით რუსული კულტურის გასაცნობად, ახსნას რუსული კულტურის თავისებურებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასიმღერო მასალის შერჩევა უნდა დაეფუძნოს ავთენტურ პრინციპებს და შესაბამის მეთოდებს. მაგალითად, ენის მხატვრული სტილის აღსაქმელად «Песенка о лете» უფრო კარგი ნიმუშია, ვიდრე ნებისმიერი ნაწყვეტი პროზიდან ან პოეზიიდან. ამ სიმღერაზე დაყრდნობით შესაძლებელია მეტაფორის, ეპითეტის ახსნა. მაგალითად, «Вот оно какое наше лето, / Лето яркой зеленью одето, / Лето жарким солнышком (эпитет) согрето (метафора), / Дышит лето ветерком. / На зеленой солнечной опушке (эпитет) / Прыгают зеленые лягушки (эпитет) / И танцуют бабочки – подружки (олиц). / Расцветает все кругом!»;
4.გრამატიკა. არსებითი სახელის ბოლოსართების –ия –ზე დაბოლოებული საკუთარი სახელების მარტივად დასამახსოვრებლად მოსწავლეებს შეიძლება მოვასმენინოთ «Песня барона Мюнхаузена»: «На Мадагаскаре, в Коломбо и Сахаре- / Я повсюду побывал, я видел белый свет. / В Гренландии, Лапландии, Исландии, Финляндии / Вам скажут, что находчивей Мюнхаузена нет…»
სიმღერა «Дважды два-четыре» რიცხვითი სახელების სწავლებაში დაგვეხმარება, ხოლო დროების უკეთ აღსაქმელად – «Песенка мамонтенка», «Лев и брадобрей», «Спи, моя радость, усни», «Вместе весело шагать..»;
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ :
·სიმღერების შესწავლა ოთხივე საკომუნიკაციო უნარების (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა) გასავითარებლად არის ეფექტიანი;
·სიმღერების, როგორც სასწავლო მასალის გამოყენება ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის ათვისებას, ნასწავლი გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება–გააქტიურებას, ინტონაციისა და მახვილების სწორად დასმას;
·სიმღერების მრავალფეროვნება მოსწავლეებს საკუთარ ენასთან შედარების საშუალებას აძლევს თავისებურებების და განსხვავებების აღმოჩენის მეშვეობით;
·სიმღერებით სწავლება ხელს უწყობს ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარებას;
·სიმღერებით სწავლების მეთოდი ბევრი სხვა უპირატესობებით სარგებლობს სხვა მეთოდებთან შედარებით, რაც უფრო ეფექტიანს ხდის მის გამოყენებას;
·საბავშვო სასიმღერო რესურსი წარმოადგენს ყველაზე მოსახერხებელ რესურსს რუსულის, როგორც უცხოური ენის ათვისებისთვის, რადგანაც მასში წარმოდგენილია შედარებით გამარტივებული ლექსიკური და გრამატიკული მასალა, რომელიც მოიცავს ძირითად ლექსიკას, ფრაზებს, გამონათქვამებს, კონსტრუქციებს.
·საბავშვო სიმღერები წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მასალას, განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო მულტფილმებს და მხატვრულ ფილმებს, რადგანაც მათში წარმოდგენილია კონკრეტულ რუსულ მენტალობასთან და კულტურასთან დაკავშირებული სიტუაციები.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Потапенко, Т.А. Песни к детским мультипликационным и игровым фильмам в обучении русскому языку как иностранному/Т.А. Потапенко// Русский язык за рубежом.- 2003.- №4
2.Потапенко, Т.А. Роль песни в изучении иностранцами русского языка и его культурного фона.
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий